თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბერლინში შეხვდა საქართველოს ელჩებს ევროპასა და შეერთებულ შტატებში და მათთან საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა.
„გვქონდა საინტერესო დისკუსია ელჩებთან ერთად და ბუნებრივია, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.
ევროპის დედაქალაქებში ამბასადორიალის გამართვა უკვე ტრადიციად იქცა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა თავის მხრივ განაცხადა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია როგორც დიპლომატების კოორდინაციისთვის, ასევე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ელჩების გარდა, ამბასადორიალს ესწრებოდნენ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები ევროკავშირში, ნატოში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე ელჩი აშშ-ში.