GWP: სპეციალისტებმა მაგისტრალური მილსადენის დაზიანებულ მონაკვეთს მიაღწიეს

მომავალ კვირაში ათიათასობით თბილისელისთვის წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ავარიის მეხუთე დღეს წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) სპეციალისტებმა მიაღწიეს ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ადგილს - ავარიის შედეგად თბილისისა და მცხეთის ათიათასობით მცხოვრები წყლის გარეშე დარჩა.
ავარია მაგისტრალურ მილზე სოფელ წიწამურთან 16 ივნისს დილით მოხდა. დაზიანების დროულად აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, რადგან დაზიანების ადგილს მიწის უზარმაზარი მასა ფარავს. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ტერიტორია უკონტროლოდ ნაყარი მასალით ივსებოდა, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.
„სამუშაოების შედეგად უკვე დამუშავდა მეწყრული ფერდის ძირითადი ნაწილი, განხორციელდა მაგისტრალური მილის პირველადი დიაგნოსტირება და მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა დაზიანებული მილის ერთი მონაკვეთი“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაგისტრალური მილის შიდა სკანირება სპეციალური ტექნიკით, რათა იდენტიფიცირდეს სხვა დაზიანებული მონაკვეთების ზუსტი კოორდინატები და დაზიანების ხარისხი.
სკანირებისა და დიაგნოსტირების სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება მილსადენის დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლება.
„გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ტერიტორია მეწყრული ზონაა, მილსადენის გრუნტისგან გამოთავისუფლების სამუშაოები საკმაოდ რთულია და მუდმივად საჭიროებს დამატებით უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი ღონისძიებების გატარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქსელის დიაგონისტირების დასრულებისა და შესაბამისი დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლებისთანავე დაიწყება მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთების გამოცვლის სამუშაოები.
„მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 4 დღეშია დაგეგმილი“, - ნათქვამია GWP-ს განცხადებაში.
16 ივნისს, კვირას, სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა - შედეგად წყალმომარაგების გარეშე 110 ათასი ადამიანი დარჩა. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რის შედეგადაც წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალი ორჯერ - 58.351 აბონენტამდე შემცირდა, რომლებიც წყალს გრაფიკით იღებენ.
მცხეთაში პრობლემა აღმოფხვრილია.
წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფენის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყო და 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დღეებში მიმდინარეობდა მეწყრული ფერდობის დატერასება, რათა სპეციალისტებმა უსაფრთხოდ მიაღწიონ დაზიანებულ მონაკვეთს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯივიპის" კუთვნილი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.
დანაშაული ჯარიმას ან სამ ლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.