საეკლესიო კალენდარი: 20 ივნისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ივნისს წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელის, მღვდელმოწამე მარკელის და მასთან ერთად მოწამეთა და დედათა: პრისკილას, ლუკინას და არტემიას, ასევე წმიდა მოწამეთა თეკლეს, მართას და მარიამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
თეოდოტე ანკვირელი
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა III საუკუნეში, ის გამოირჩეოდა საოცარი სიკეთითა და გულმოწყალებით, თანაუგრძნობდა დიოკლეტიანეს (284-305) მიერ დევნილ ქრისტიანებს, საკუთარ სახლში იფარებდა მათ, სადაც ფარულად აღესრულებოდა ღვთისმსახურებაც. წმიდა თეოდოტე სატუსაღოებში აკითხავდა ქრისტეს აღსარებისთვის პყრობილებს, გამოისყიდდა მათ და პატივით მარხავდა მხეცთა საჯიჯგნად მიმოფანტულ მოწამეთა გვამებს. ერთხელ წმიდანმა შვიდი ქალწულმოწამის ცხედარი ამოასვენა ზღვიდან და დაფლა. როცა ამის შესახებ მმართველს მოახსენეს, თეოდოტე შეიპყრეს. წმიდა მოწამემ უარი განაცხადა მსხვერპლშეწირვაზე, წარმართთა სარწმუნოების ამაოება ამხილა და აშკარად აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი სასტიკად აწამეს და მახვილით მოკლეს (+303).
მღვდელმოწამე მარკელი, რომის პაპი და მასთან ერთად მოწამენი: სისინი, კვირიკე დიაკონი, სამარაგდი, ლარგოსი, აპრონიანე, სატურნინი, პაპაუსი, მავრი, კრისკენტიანე და დედანი: პრისკილა, ლუკინა და არტემია
მღვდელმოწამე მარკელი, რომის პაპი და მასთან ერთად წმიდა მოწამენი: სისინი და კვირიკე დიაკონი, სამარაგდი, ლაგოსი, აპრონიანე, სატურნინი, პაპიუსი, მავრი, კრისკენტიანე და დედანი: პრისკილა, ლუკინა და არტემია ეწამნენ რომში დიოკლეტიანეს, მაქსიმიანეს (284-305) და მათი მემკვიდრეების - გალერიუსისა (305-311) და მაქსენტიუსის (305-312) დროს.
საეკლესიო კალენდარი: 19 ივნისი
წმიდა მოწამე თეკლე, მართა და მარიამი
წმიდა მოწამენი თეკლე, მართა და მარიამი სპარსეთში აღესრულნენ საპორ II ზეობისას, 346 წლის 6 ივნისს. მათ ქრისტეს აღსარებისთვის თავები მოკვეთეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით