„იოლი ნამდვილად არ იქნება" - ლევან კობიაშვილი ჩეხეთთან მატჩის შესახებ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს
Sputnik
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ჩეხეთი კომპაქტური და ძლიერი გუნდია, ამიტომ საქართველოს ნაკრებისთვის შაბათის მატჩი იოლი ნამდვილად არ იქნება, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოს ნაკრები სადებიუტო მატჩში თურქეთის ნაკრებთან ანგარიშით 1:3 წაგების შემდეგ, შაბათს ჩეხეთის ნაკრებთან ითამაშებს. ჩეხეთის ფეხბურთელებმაც პირველი მატჩი პორტუგალიასთან ანგარიშით 1:2 წააგეს.
„იოლი ნამდვილად არ იქნება, ამაში დარწმუნებულები ვართ, საკმაოდ კომპაქტური გუნდია, ძლიერი გუნდია, კარგი ინდივიდუალური ფეხბურთელები ჰყავთ ჩეხებს. ასე რომ, იოლი თამაში ნამდვილად არ იქნება“, - განაცხადა კობიაშვილმა.
კობიაშვილის თქმით, რომელსაც ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (100) რეკორდი აქვს დამყარებული, პირველივე წუთიდან მნიშვნელოვანი არის, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია იყოს მოედანზე.
„ჩეხეთი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მოწინააღმდეგე, მგონი, ჩვენს გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ ნებისმიერ გუნდთან ითამაშოს ღირსეულად, რაც ყველაზე მთავარია, ჩეხეთთან და მომდევნო თამაშზე არის ის ქულები, რაც აუცილებელია, რომ სამომავლოდ გავიჩინოთ პერსპექტივა, რომ ჯგუფური ეტაპი დავძლიოთ“, - განაცხადა კობიაშვილმა.
ეს არ იქნება მარტივი, თუმცა გუნდი ამისთვის მზად არის, აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება წაგებულ მატჩს თურქეთთან, კობიაშვილის თქმით, საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ევრო-2024-ზე შემთხვევით არ არის მოხვედრილი.
საქართველო ევროპის ჩემპიონატში, რომელიც წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება, პირველად მონაწილეობს.
საქართველოს ნაკრებმა ევროზე სადებიუტო მატჩი თურქეთთან ანგარიშით 1:3 წააგო. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრები 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.