არჩევნები საქართველოში - პარტიების რეგისტრაციის დასრულებამდე თვეზე ნაკლები რჩება

არაკვალიფიციური სუბიექტების რეგისტრაცია იანვარში დაიწყო და ამ დროისთვის რეგისტრაცია ორმა პარტიამ გაიარა
Sputnik
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. პარტიებს, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა გასულ საპარლამენტო არჩევნებში და არ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაციის ვადა 15 ივლისს ეწურებათ, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებულ მასალებში.
ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს ორ კატეგორიად ყოფს: კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად. კვალიფიციურ სუბიექტებად მოიხსენიებენ პარტიებს, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ და საარჩევნო წელს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ. პარტიებმა, რომლებიც არ არიან კვალიფიციური სუბიექტები, ცესკოში 15 ივლისამდე უნდა წარადგინონ რეგისტრაციის შესახებ განცხადება და მიიღონ მხარდამჭერთა სიის ნიმუში. აღნიშნულმა პარტიებმა რეგისტრაციის გასავლელად ცესკოში 2024 წლის 1 აგვისტომდე უნდა წარადგინონ მინიმუმ 25 ათასი მხარდამჭერი ამომრჩევლის სია.
არაკვალიფიციური სუბიექტების რეგისტრაცია იანვარში დაიწყო და ამ დროისთვის რეგისტრაცია გაიარა ორმა პარტიამ - გიორგი ლილუაშვილის პარტიამ „საქართველო" და გიორგი თუმანიშვილის პარტია „მესამე გზა".
კვალიფიციური სუბიექტები, რომლებსაც შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე გაიარონ, არიან:
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
„ლელო საქართველოსთვის"
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი"
„მოქალაქეები"
„ევროპული საქართველო"
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"
„სტრატეგია აღმაშენებელი"
„კანონი და სამართალი"
„ევროპელი დემოკრატები"
რესპუბლიკური პარტია"
„პროგრესი და თავისუფლება"
„სახელმწიფო ხალხისთვის".
საქართველოში არსებობს მკაცრი შეზღუდვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოელების მონაწილეობაზე. ბინადრობის მიუხედავად, უცხოელს არ აქვს უფლება შექმნას პარტია, გახდეს პარტიის წევრი, გააკეთოს შემოწირულობა პარტიის სასარგებლოდ. გარდა ამისა, უცხოელებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ აქვთ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.