თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯივიპის" კუთვნილი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
16 ივნისს, კვირას, სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა - შედეგად წყალმომარაგების გარეშე 110 ათასი ადამიანი დარჩა. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რის შედეგადაც წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალი ორჯერ - 58,351 აბონენტამდე შემცირდა, რომლებიც წყალს გრაფიკით იღებენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.
დანაშაული ჯარიმას ან სამ ლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ვითარება ავარიის ადგილზე
ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდინარე არაგვის ხეობაში მდებარეობს.
GWP-ის ინფორმაციით, კომპანიისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ დროთა განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია ნაყარი მასალით ივსებოდა, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი. დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ კი გამოიწვია „ჯივიპის“ ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება.
წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფენის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი. აღდგენითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც GWP-ში განაცხადეს, სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება.