ავტომობილების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორები - თბილისში საპილოტე პროექტი დაიწყო

თბილისის მერის თქმით, თბილისის სხვადასხვა რაიონების მცხოვრებლებს განსაკუთრებით საღამოს და ღამის საათებში ქუჩის ხმაური აწუხებთ.
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს საპილოტე პროექტს, რომლის მიზანია კონკრეტულ ლოკაციებზე დამონტაჟებული დეტექტორების საშუალებით ავტომობილების ხმაურის დონის დადგენა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
საპილოტე პროექტის განხორციელებით შესაძლებელი გახდება ხმაურის დონის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირება და მათი მფლობელებისთვის შესაბამისი ჯარიმის დაკისრება. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე წინასწარ განსაზღვრულ ოთხ ლოკაციაზე ხმაურის დეტექტორები უკვე დამონტაჟებულია.
„საპილოტე პროექტი ამჟამად ტესტირების პროცესშია, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება ხმაურის დონის ნორმატივის დამრღვევი ავტომობილების იდენტიფიცირება და მათი მფლობელებისთვის შესაბამისი ჯარიმების დაწესება“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, თბილისის სხვადასხვა რაიონების მცხოვრებლებს განსაკუთრებით საღამოს და ღამის საათებში ქუჩის ხმაური აწუხებთ.
„საპილოტე პროექტის შედეგების მიხედვით, ქალაქში განხორციელდება მასშტაბური პროექტი, რომელიც არსებითად მოაგვარებს ამ პრობლემას", - განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა ადრე განაცხადა, ხმაურის დეტექტორები, რომელიც ჰოლანდიური კომპანია Sorama B.V-ს მიერაა დამზადებული, უკვე განთავსებულია რამდენიმე ევროპულ ქალაქში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხმაურის შემოწმების ვალდებულება ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევიდა და იგი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში, ერთ-ერთ კომპონენტად ხორციელდება. ტექდათვალიერებას ვერ გაივლის ავტომობილი, რომლის ხმაურის დონე კონკრეტული მარკის ავტომობილის მწარმოებლისგან დადგენილ ნორმებს აღემატება.