რას მისცემს საქართველოს რუსეთთან სრული უვიზო რეჟიმი?

ქართულმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების თხოვნით მიმართა.
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმება ქართველ მეწარმეებს ბიზნესის კეთებას გაუადვილებს და მეზობელ ქვეყანასთან სავაჭრო კავშირებს გაამყარებს, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა 2019 წელს დაწესებული ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლა იმ სასაზღვრო პუნქტებით შეუძლიათ, რომლებიც საერთაშორისო მიმოსვლისთვისაა გახსნილი — ყოველი 180 დღიდან ჯამში 90 დღემდე ვადით, დიპლომატიური, სამსახურებრივი, კერძო, საქმიანი, ტურისტული და ჰუმანიტარული მიზნებით, ასევე მოკლევადიანი სწავლისთვის.
მიმდინარე წლის 15 ივნისს პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების თხოვნით მიმართა.
„ვიზების სრული გაუქმება გააადვილებს ბიზნესის კეთებას. კერძოდ, ქართველი მეწარმეები რუსეთში გამგზავრებას და იქაური ბიზნეს-გარემოს გაცნობას, პარტნიოროული კავშირების დამყარებას, რუსეთში კომპანიების დარეგისტრირებას შეძლებენ, რაც ასევე გაამარტივებს ანგარიშსწორებას პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის დროს. როგორც ცნობილია, აშშ დოლარით გადახდა გართულებულია, ხოლო რუსული რუბლის კონვერტაცია კი მომგებიანი არ არის“, - განაცხადა შენგელიამ.
გარდა ამისა, ექსპერტის თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ლეგალურად დასაქმდნენ რუსეთში, რამეთუ არალეგალი ქართველი ემიგრანტები, ხშირადფ იძულებული არიან დათანხმდნენ სხვადასხვა მძიმე სამუშაოს.
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის იანვარი-მაისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 280 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 20,4%-ია.
„საქართველო, თავის მხრივ, არანაირად არ ზღუდავს რუსეთის მოქალაქეებს, სავიზო რეჟიმი, ყოველგვარი დათქმის გარეშე,სრულად არის გაუქმებული. ამიტომაც ლოგიკური იქნება, თუ რუსული მხარეც იმავეს გააკეთებს“, -აღნიშნა შენგელიამ.
მიმდინარე წლის 15 ივნისს პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების თხოვნით მიმართა. მიმართვაში ასევე საუბარია საქართველოს იმ მოქალაქეების გათავისუფლებაზე, რომლებმაც დაარღვიეს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერი ვადა და შეიცავს წინადადებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემები რუსეთის ფედერაციაში დასაქმების კუთხით.
„იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მიმართვაზე რეაგირება სწრაფად მოხდება, რადგანაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ემიგრაციისთვის. მოხარული ვართ, რომ რუსეთის მხარე ამას ძალიან ყურადღებით ეკიდება და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ვიზები სრულიად იქნება გაუქმებული. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხების კიდევ უფრო დაახლოებას“, - განაცხადა „Sputnik“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთის შესაბამისი უწყებები ქართული პარტიის მიმართვას გააანალიზებენ.
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, საქართველო და რუსეთი წლების განმავლობაში წარმატებით ავითარებდნენ სავაჭრო ურთიერთობებს და დღეს რუსეთის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების სიაში მეორე ადგილზეა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.