რამდენს შეადგენს საშუალო ხელფასი საქართველოში: ბოლო მონაცემები

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს–სექტორში საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 1.985,4 ლარი შეადგინა
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში დაქირავებული თანამშრომლების საშუალო ნომინალურმა თვიურმა ხელფასმა 1.943,4 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,2%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ბიზნეს–სექტორში 2024 წლის იანვარი-მარტში საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 1.985,4 ლარი შეადგინა, რაც 12,9%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში არაკომერციულ და საფინანსო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,8%-ით გაიზარდა და 1.870,0 ლარი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი თბილისში ფიქსირდება, სადაც მან 2024 წლის პირველ კვარტალში 2.305 ლარი შეადგინა, ყველაზე დაბალი - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (996,8 ლარი).
ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი 2024 წლის პირველ კვარტალში საქმიანობის ტიპის მიხედვით:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 4.519,0 ლარი (+20,2%).
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3.956,5 ლარი (+9%)
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა – 2.672,7 ლარი (+12%).
მშენებლობა – 2.624,6 ლარი (+22,3%)
ამასთან, ქალებისა და მამაკაცების ხელფასები კვლავ განსხვავდება. 2024 წლის პირველ კვარტალში მამაკაცების საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 2.4343,2 ლარი შეადგინა, ხოლო ქალების - 1.540 ლარი.