კვარაცხელია: საქართველოს ნაკრებს თურქეთთან დამარცხება არ დაუმსახურებია

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში თურქეთთან შეხვედრაში ყველაფერი გაიღო და დამარცხება არ დაუმსახურებია, განაცხადა იტალიური „ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ.
18 ივნისს, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სადებიუტო მატჩში თურქეთთან ანგარიშით 3:1 დამარცხდა - მოწინააღმდეგის კარში ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
„იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მეტის მიღწევა შეგვეძლო. ეს ფეხბურთია, ბოლომდე უნდა იბრძოლო. უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით, გუნდმა გაართვა თავი დავალებას, დაცვაში კომპაქტურად ითამაშა და მთელი ძალები ჩადო ამ თამაშში", - განაცხადა კვარაცხელიამ სააგენტო ANSA-სთან.
თურქეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევრო 2024-ზე მონაწილეობენ პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.