ფეხბურთელის მომავალს მამები და აგენტები არ წყვეტენ: „ნაპოლი" კვარაცხელიას წასვლაზე

ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 80 მლნ ევროა.
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი— Sputnik. იტალიური კლუბ „ნაპოლის" ხელმძღვანელობა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ქართველი ფორვარდის ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებს და აცხადებს, რომ ფეხბურთელების მომავალს არა მათი მამები ან აგენტები, არამედ უშუალოდ კლუბები განსაზღვრავენ, ნათქვამია განცხადებაში.
კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი კიდევ ერთხელ შეეხო „ნაპოლის" ხელმძღვანელობისთვის სენსიტიულ თემას ფეხბურთელის სხვა კლუბში გადასვლის შესახებ. მისი თქმით, ხვიჩას ახალ სეზონში კლუბში დარჩენა არ სურს. საკითხი კიდევ უფრო გაამწვავა ხვიჩას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ, რომელმაც განაცხადა: „არ მინდა, ხვიჩა „ნაპოლიში" დარჩეს. გასულ სეზონში სამი მწვრთნელი შეიცვალა, ასეთ სიტუაციაში თამაში ძალიან რთულია“. კვარაცხელიას „ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.
„მამუკა ჯუღელისა და ბადრი კვარაცხელიას განცხადებებიდან გამომდინარე, „ნაპოლი" იმეორებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტით კიდევ სამი წელი აქვს კლუბში გათვალისწინებული. კვარაცხელია არ იყიდება. „ნაპოლის" კონტრაქტის ქვეშ მყოფი ფეხბურთელების მომავალი აგენტების და მამების გადასაწყვეტი არ არის!", - ნათქვამია განცხადებაში.
იტალიურ პრესა აქტიურად საუბრობს ახალი სეზონიდან კვარაცხელიას ფრანგულ კლუბ„პსჟ"-ში გადასვლის თაობაზე.
კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან" გადავიდა. ის 2022/2023 წლების სეზონის იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ფასეულ მოთამაშედ, ასევე ამავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.
კვარაცხელიამ მეორე სეზონი არცთუ ცუდად ჩაატარა, თუ გავითვალისწინებთ გუნდის არასტაბილურ თამაშსა და სამი მწვრთნელის შეცვლას. კვარაცხელიამ ჩემპიონატში33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლო ტურში „ფიორენტინასთან" მისი გოლი მაისის საუკეთესო გოლად აღიარეს, ამასთან ფეხბურთელი თვის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ დაასახელეს.
ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 80 მლნ ევროა.