რატომ ეწინააღმდეგება ოპოზიცია ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვას საქართველოში?

აღნიშნული კანონპროექტის განხილვა მიზნად ისახავს განსაკუთრებით არასრულწლოვანების დაცვას ლგბტ-პროპაგანდისგან, აცხადებენ მმართველ პარტიაში
Sputnik
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოში ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობაზე უარის თქმით ოპოზიცია საზოგადოებას ეუბნება, რომ ყველა ამორალური საკითხი მისთვის მისაღებია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტი - ცვლილებები შევა სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.
ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება.
ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უარი თქვა განხილვაში მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ კანონპროექტი მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის ნაწილია - კანონპროექტი ბიუროზე გასულ კვირას დარეგისტრირდა, მიმდინარე კვირაში კი საკომიტეტო მოსმენები იწყება. იონათამიშვილის თქმით, პირველი მოსმენები ითვალისწინებს კანონპროექტის განხილვას პრინციპების დონეზე
„და რა არის ეს პრინციპები - ვიზიარებთ თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხს ან დასაშვებია თუ არა ლგბტ-პროპაგანდა და ლიტერატურა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, უნდა ტარდებოდეს თუ არა არასრულწლოვანებში სქესის შეცვლის ოპერაციები. ეს არის პრინციპის საკითხები და როდესაც ოპოზიცია აცხადებს, რომ პრინციპების დონეზეც არ მიიღებს მონაწილეობას განხილვებში, ამით საზოგადოებას ეუბნება, რომ ყველა ამორალური საკითხი მათთვის მისაღებია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ოპოზიციისთვის ძალიან მძიმეა ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა, განაცხადა „ქართული ოცნების" დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, ისინი, ვინც ოპოზიციას აფინანსებენ, მოითხოვენ რომ ისინი აღნიშნული კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ, თუმცა, ამავე დროს ოპოზიციაში იციან, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ამის გაკეთება ძალიან სერიოზულად დააზიანებს მათ.
„ამიტომ მოიფიქრეს თავისი ხედვით რაღაც გამოსავალი, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ და ამაში მონაწილეობა არ მიიღონ, მაგრამ მონაწილეობის არმიღება ნიშნავს, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ამ კანონის მიღებას. შესაბამისად, საზოგადოება ამ ყველაფერს გაითვალისწინებს“, - მიიჩნევს მიქანაძე.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება ვერც კონსტიტუციური კანონის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და ვერც ამ კანონთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიღება. კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის წევრთა 3/4-ის მხარდაჭერაა საჭირო.
კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო განხილვა, რომელიც როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში გაიმართა, 2024 წლის 22 აპრილს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდა.
რაც შეეხება გამომდინარე კანონებს, მათი მიღებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის ხმები საკმარისია. საპარლამენტო უმრავლესობა, რომელშიც შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“, წარმოდგენილია 83 დეპუტატით. პარლამენტში ამჟამად 139 დეპუტატია.