შეეხება თუ არა ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა ფილმებსა და სერიალებს? რა წერია პროექტში

ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები მიმდინარე კვირაში იწყება
Sputnik
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. მაუწყებლებს აეკრძალებათ მხოლოდ იმ ფილმების და სერიალების ჩვენება, რომლებიც შეიცავენ ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის და ინცესტის სცენებს, შესაბამისი ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის.
ცვლილებები კონსტიტუციური კანონის ახალი პროექტიდან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ გამომდინარე 18 კანონპროექტის ნაწილია, რომლის განხილვასაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიმდინარე კვირას შეუდგება.
პროექტის თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლების მიერ ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
თუმცა, რაც შეეხება მხატვრულ ნაწარმოებებს, აკრძალვა მხოლოდ ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელებას შეეხება.
ამასთან, აკრძალვა შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც მაუწყებელს შეეძლო ფაქტობრივად გაეკონტროლებინა ინფორმაციის გავრცელება.