თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. თბილისში ონკანის წყლის დალევა შესაძლებელია, რადგანაც აკმაყოფილებს სტანდარტებს და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, წყლის შეფერილობის ცვლილება კი გამოწვეულია ქსელში წნევის ხშირი ცვლილებით, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
16 ივნისს, კვირას, სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა - შედეგად წყალმომარაგების გარეშე 110 ათასი ადამიანი დარჩა. 17 ივნისს პრობლემური არეალი დაახლოებით 63,4 ათას აბონენტამდე შემცირდა, რომლებიც 18 ივნისიდან წყალს გრაფიკით იღებენ.
„ჯივიპის“ სათავე ნაგებობებზე სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სასმელი წყლის ხარისხი ქალაქის გამანაწილებელ ქსელში სრულად შეესაბამება ეროვნული რეგლამენტით დადგენილ ნორმებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კომპანიაში განმარტეს, დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
„პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში, შესაძლოა, წყალს ჰქონდეს შეცვლილი შეფერილობა, რაც გამოწვეულია ქსელში წყლის წნევის ხშირი ცვალებადობით", - აღნიშნულია განცხადებაში.
ვითარება ავარიის ადგილზე
ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდინარე არაგვის ხეობაში მდებარეობს.
GWP-ის ინფორმაციით, კომპანიისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ დროთა განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია ნაყარი მასალით ივსებოდა, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი. დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ კი გამოიწვია „ჯივიპის“ ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება.
წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფენის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი.
„ადგილზე 24-საათიან უწყვეტი რეჟიმით მუშაობს 6 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ დროისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოებასთან ერთად, დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა.
როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, წყალსადენზე დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოების დასრულებას, მაქსიმუმ, ერთი კვირა დასჭირდება.