თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი შოტლანდიიდან სამშობლოში სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შოტლანდიის ქალაქ პერზირში სპორტული ღონისძიება „მარშირება რთულ რელიეფზე“ Allied Forces Foundation-ის („მოკავშირე ძალების ფონდი") ეგიდით გაიმართა - სამხედრო პარასპორტსმენებს 24 საათის განმავლობაში 88 კილომეტრი მანძილი ჰქონდათ დასაძლევი.
სპორტულ შეჯიბრებაში, ქართველების გარდა, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ავსტრალიის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთისა და უკრაინის სამხედროები, ვეტერანები და სამოქალაქო პირები იღებდნენ მონაწილეობას.
ღონისძიება მიზნად ისახავს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლებას, რაც მათ თვითრეალიზაციაში დაეხმარება. სპორტული აქტივობები დაჭრილ- დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს კონტაქტის დამყარების, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობასაც აძლევს.