თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიმდინარე კვირაში კანონპროექტების პაკეტის განხილვას შეუდგება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ლგბტ და ინცესტის პროპაგანდისთვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს.
საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტი, რომელთა თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება.
კერძოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაჩნდება ახალი მუხლი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა".
ახალი მუხლის თანახმად, რეკლამის განთავსება, რომელიც მიმართულია ადამიანის ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთსქესიანთა შორის სექსუალურ ორიენტაციაზე დამყარებული ურთიერთობების ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, ითვალისწინებს ჯარიმას: ფიზიკური პირებისთვის 800 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი 2,5 ათასი ლარის ოდენობით. ჯარიმა ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ რეკლამის გამავრცელებელი ახორციელებდა ფაქტობრივ კონტროლს მის გავრცელებაზე.
არასრულწლოვნებისთვის პირდაპირი კომუნიკაციის გზით ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთსქესიან პირთა შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, ასევე მსგავსი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნისკენ ითვალისწინებს ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 1 ათასი ლარის, იურიდიული პირებისთვის კი 3 ათასი ლარის ოდენობით.
ამასთან, ჯარიმას ითვალისწინებს ინფორმაციის გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია - ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების პოპულარიზაცია, ბაღების, სკოლების, პროფესიული ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლების მიერ ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაცია, ან მსგავსი ინფორმაციის საგანმანათლებლო პროგრამაში შეტანა. ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 1,5 ათასი ლარით, იურიდიული პირებისთვის 4 ათასი ლარით განისაზღვრება.
აღნიშნული ნორმების განმეორებით დარღვევა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებას, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებით.
ცვლილებების მიხედვით, განმეორებით დარღვევა დაექვემდებარება ჯარიმას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის აკრძალვით სამი წლის ვადით, ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.