თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. თბილისის მერია მიმდინარე კვირიდან უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზისა და საავტომობილო გვირაბის მშენებლობას იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩებს შორის გვირაბის მშენებლობის შესახებ ქალაქის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის გახსნის შემდეგ უნდა დაწყებულიყო. 332 მეტრი სიგრძის ოთხზოლიანი ხიდი 30 მაისს გაიხსნა.
კალაძის განცხადებით, გვირაბი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული.
„გვირაბში იქნება ორმხრივი მოძრაობა – თითო ზოლი თითო მიმართულებით. პროექტის ღირებულება 12 მლნ ლარია. სამუშაოები ამ კვირაში დაიწყება და 2025 წლის იანვარში დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა გვირაბთან მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარი, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყობა სადრენაჟე სისტემა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, ასევე გვირაბის გასწვრივ აშენდება რკინაბეტონის დამცავი კედლები.
ხიდის მშენებლობის დაწყებამდე მერიამ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა. 2023 წლის ივნისიდან ხუთი თვის განმავლობაში მუნიციპალურმა სამსახურებმა განაახლეს მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეცვალეს წყალმომარაგების, კანალიზაციის, გაზმომარაგების ქსელები, ასევე წყალარინების სისტემა.