თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
„ძალიან ბევრი ადამიანი გაემგზავრა გერმანიაში, თუმცა ბევრმა ვერ მოახერხა გამგზავრება და საქართველოდან უგულშემატკივრებს ჩვენს ნაკრებს. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ვაჩვენოთ, დიდ ეკრანებზე. რა თქმა უნდა, დასწრება უფასოა", - განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ეროვნულ გუნდს თურქეთთან მატჩში წარმატებები უსურვა.
საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევრო 2024-ზე მონაწილეობენ პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს, ხოლო გელზენკირხენში პორტუგალიას - 26 ივნისს.
საქართველო-თურქეთის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
მანამდე, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ჯილდოს სახით 30 მლნ ლარს გადასცემს. გარდა ამისა, ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მლნ ლარით დაჯილდოვდება.