მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

პროგრამებში მონაწილეობის მიღება 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. თბილისის მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პროგრამები თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით ხორციელდება და მისი მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობაა.
პროგრამებზე რეგისტრაცია ვებგვერდზე: www. youthtbilisi.ge ეტაპობრივად განხორციელდება.
როგორც მერმა განაცხადა, თბილისის მერია ყოველწლიურად ახორციელებს მასშტაბურ საზაფხულო ღონისძიებებს ახალგაზრდებისთვის.
„წელსაც ტრადიციულად განხორციელდება ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს თბილისში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობების შეთავაზებას. პროგრამის ფარგლებში, გაიმართება შეჯიბრებები ჩოგბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ტირში, ბილიარდში, კარტინგში, აგრეთვე ლაშქრობები თბილისის გარშემო“, - განაცხადა კალაძემ.
2023 წელს საზაფხულო-ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობა 4 ათასმა ახალგაზრდამ მიიღო, მიმდინარე წელს კი, სავარაუდოდ, 5 ათასამდე მონაწილე იქნება.
მერის ინფორმაციით, საზაფხულო პროგრამებს მიმდინარე წელს ახალი მიმართულებებიც დაემატა, მათ შორის, პროგრამირების ბანაკი, სადაც ახალგაზრდები ისწავლიან ვებგვერდების შექმნას და მართვას, ინგლისური ენის ბანაკი, კიბერ-სპორტის ბანაკი, ბანაკი ხელოვნური ინტელექტის თემატიკაზე, ბანაკი სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდა ინოვატორთა ბანაკი, ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი, თეატრალური და კინოხელოვნების ბანაკები, გაცვლითი ბანაკი ფრანგი და ქართველი ბავშვების ჩართულობით და ახალგაზრდა სპორტსმენების საზაფხულო პროფესიული შეკრებები.
აღნიშნული პროგრამით სარგებლობა უფასოა. ასევე, პროგრამის ფარგლებში მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება.
საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების გართობისა და აქტიური დასვენების ხელშეწყობას ზაფხულის პერიოდში.