კვარაცხელია: ევრო-2024-ზე საქართველოს შანსები აქვს, რატომაც არა?!

ფეხბურთელის თქმით, საქართველოს რთული სამი მატჩი ელოდება, თუმცა, ფეხბურთელები გამარჯვებისთვის არიან განწყობილი.
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ალბათ, არავის სჯეროდა, რომ საქართველოს ნაკრები შეძლებდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და ახლა ცოტას თუ სჯერა გუნდის ჯგუფიდან გასვლის შანსების, თუმცა, უკეთესია ჯერ ქართველებს კითხონ, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ნაკრების თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას ბლოგში, რომელიც The Players' Tribune-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს, ხოლო გელზენკირხენში პორტუგალიას - 26 ივნისს. საქართველო-თურქეთის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
„ფეხბურთი - ფეხბურთია. არავინ, არასოდეს არ იცის რა და როგორ მოხდება. ხომ არავინ ფიქრობდა, რომ საერთოდ გავიდოდით ჩემპიონატზე?! ახლა ისევ არ სჯერათ. ამბობენ, საქართველოს შანსი არ აქვსო. ყველა ამას იძახის. მაგრამ, მე იცი რას გეტყვი? მე ასე ვიტყვი...აბა ჯერ ქართველებს კითხეთ“, - დაწერა კვარაცხელიამ.
ფეხბურთელის თქმით, გამორიცხული არაა, რომ ფეხბურთელი თავისი ბავშვობის კუმირს, პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს მაისური სთხოვოს.
„ვთხოვ თუ არა კრიშტიანუ რონალდუს მაისურს? შეიძლება. ალბათ ვთხოვ. რატომაც არა? ჩემი კერპია და ვეტყვი კიდევაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოგება არ შეგვიძლია", - დაწერა კვარაცხელიამ.
მისი თქმით, საქართველოს რთული სამი მატჩი ელოდება, თუმცა, ფეხბურთელები გამარჯვებისთვის არიან განწყობილი.
ევრო 2024-ის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი გამართა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.