თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. თბილისში გაიხსნა საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია, რომელიც 500-მდე მაღალკვალიფიციური კვლევის ჩატარების საშუალებას იძლევა და ამ ლაბორატორიის მიერ გაცემული თითოეული სერტიფიკატი სრულად აღიარებულია იმ ბაზრებზე, სადაც ქართული პროდუქცია უნდა მოხვდეს, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია აკრედიტებულია სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ. ლაბორატორიის მომსახურება მოიცავს ფართო დარგობრივ სპექტრს - კვების პროდუქტების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტები, სასტუმროები, სამკურნალო-პროფილაქტიკური, ვეტერინარული დაწესებულებები და ა.შ. ლაბორატორია მომხმარებელს სურსათის უვნებლობის (HACCP) მიმართულებით სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის სრულ ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ კვლევებს სასმელ, ზედაპირულ და მინერალურ წყლებზე, ხორცისა და რძის პროდუქტებზე, ასევე შესაძლებელია პურ-ფუნთუშეულის, მარცვლეულისა და თხილეულის კვლევები.
„როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჯანმრთელი ცხოვრებისთვის, საღი გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს ხარისხის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობისთვის. ახალი ლაბორატორია გააძლიერებს დარგებს, რომლებსაც დაფარავს თავისი აკრედიტაციის მიხედვით“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ლაბორატორიის გახსნის ცერემონიაზე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ეკონომიკის ზრდასთან ერთად ადეკვატურად იზრდებოდეს ხარისხის ინფრასტრუქტურა.
„სხვა მხრივ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ვერ გავაძლიერებთ, რადგან გვესმის, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, რომლის განუყოფელი ნაწილია საქართველო, ჩვენი პროდუქტების კონკურენტუნარიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული ხარისხთან“, - განაცხადა მან.
ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მაღალტექნოლოგიური, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი კვლევითი დაწესებულების არსებობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის საქმიანობაც აგრარულ, ვეტერინარულ და სურსათის უვნებლობის სექტორებს მოიცავს.
„ეს ლაბორატორია შეიქმნა კერძო ინვესტიციით, რომელიც მხარდაჭერილია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ, შესაბამისად, ამ პროექტს სახელმწიფო გვერდში უდგას და დაფინანსების კუთხითაც ეხმარება. ხარისხის ინფრასტრუქტურა, წლებია, ქვეყანაში ყალიბდება ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბოლო წლებში, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მთლიანად თანხვედრაშია ევროპულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან“, - განაცხადა მან.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ძალიან დიდი შრომაა გაწეული ქართული აკრედიტაციის აღიარებისთვის და იმ შედეგისთვის, რომ დღეს საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი საერთაშორისო სააკრედიტაციო სისტემის ნაწილია.
ლაბორატორიის მომსახურება მოიცავს ფართო დარგობრივ სპექტრს - კვების პროდუქტების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტები, სასტუმროები, სამკურნალო-პროფილაქტიკური, ვეტერინარული დაწესებულებები და ა.შ.
დავითაშვილის თქმით, ლაბორატორიული კვლევები ასევე პირდაპირ კავშირშია ცოდნასა და კომპეტენციასთან და მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიას ექნება სასწავლო ცენტრიც, სადაც მომზადდებიან შესაბამისი სპეციალისტები.
ლაბორატორიის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ასევე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.