თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მატჩი თურქეთთან რთული იქნება, მაგრამ ნაკრები მაქსიმუმს გააკეთებს, განაცხადა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა.
საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება. გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი გელზენკირხენში პორტუგალიას შეხვდება.
„თურქეთთან რთული მატჩი გველის. იქნება გარკვეული წნეხი, მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა არ მოგვაკლდება. მათ გასახარებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ“, - განაცხადა მამარდაშვილმა.
მისი თქმით, გუნდში საბრძოლო განწყობაა და ის დებიუტისთვის ემზადება.
„გუნდში საბრძოლო განწყობაა. ვემზადებით სრული შემართებით სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის. კარგი მატჩები გველის. 100 პროცენტით მზად ვართ და ვიბრძოლებთ“, - განაცხადა მამარდაშვილმა.
მისი თქმით, გუნდი ჯგუფიდან გასასვლელად ყველაფერს გააკეთებს.
საქართველოს ნაკრები ევრო-2024-ზე ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვების წყალობით მოხვდა. ისტორიული მატჩი 26 მარტს გაიმართა. ამ გამარჯვებას მთელმა საქართველო ზეიმობდა.