საეკლესიო კალენდარი: 14 ივნისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ივნისს ღირსთა: შიო ახლის, დავით, გაბრიელ და პავლე გარეჯელთა, ასევე მოწამეთა: იუსტინე ფილოსოფოსისა და სხვა იუსტინესი და მათთანათა: ხარიტონის, ხარიტას, ეველპისტეს, იერაქსის, პეონის და ვალერიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
ღირსნი მამანი: შიო ახალი, დავითი, გაბრიელი და პავლე გარეჯელნი - ლეკთაგან მოწყვეტილნი
დავით გარეჯის მონასტერი ყოველთვის ბერთა სიმრავლითა და მკაცრი მოღვაწეობით გამოირჩეოდა, სოფლის ამაოებას განშორებული მოღვაწენი აქ პოულობდნენ სულის სიმშვიდეს.
ღირსი შიო ქართლის სოფელ ვეძისიდან იყო. მისი მშობლები, პაპუნა და თამარი, იმ მხარეში სიმდიდრით იყვნენ ცნობილნი. მათ რვა შვილი - ხუთი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდათ. მშობლების გარდაცვალების შემდეგ შიოს ძმებს ჩხუბი მოუვიდათ, უშვერი სიტყვებით გალანძღეს ერთმანეთი, შემდეგ კი უფროსმა დანით მოკლა უმცროსი.
როცა ეს ამბავი ნეტარმა შიომ გაიგო, გულისწყრომითა და მწუხარებით აღვსილმა გადაწყვიტა, გასცლოდა მაცდურ წუთისოფელს, რომლის სიყვარულმაც შეიძლება ძმას ძმა მოაკვლევინოს და შვილს - მამა. ამ დროს გარეჯის წინამძღვარი იყო მამა ონოფრე მაჭუტაძე, რომელმაც სიხარულით მიიღო ერში პატიოსნებით და ერთგულებით ცნობილი შიო, მიუჩინა მას ცალკე კელია და მორჩილების წესიც დაუდგინა.
საეკლესიო კალენდარი: 13 ივნისი
ერთხელ წინამძღვარი მამა ონოფრე მონასტრის საქმეებზე სხვაგან წავიდა, ძმები და მონასტერი ნეტარ შიოს ჩააბარა.
მწუხრის ლოცვის და ტრაპეზის შემდეგ შრომისა და ლოცვისაგან დასვენებულ საძმოს ლეკთა მოთარეშე ბანდა დაესხა, მღვდელმონაზონ შიოსთან ერთად შეიპყრეს და წამებით მოკლეს ბერები: დავითი, გაბრიელი და პავლე. ხმაურზე ზოგმა მოასწრო გაქცევა და დაიმალა, უსჯულოები გაქცეულებსაც მისწვდნენ და უწყალოდ აჩეხეს ხმლებით. სისხლმა აავსო ტაძარი და კელიები. შემდეგ ლეკებმა წამებულები გაძარცვეს, დაამტვრიეს და ცეცხლს მისცეს საეკლესიო ნივთები, სამღვდელო შესამოსელთაგან ზოგი წაიღეს, ზოგიც იქვე ჭაში ჩაყარეს, ნაჯახით დაჯეხეს წმიდა ხატები.
წმიდა მოწამეთა აჩეხილი ნაწილები წმიდა დავით გარეჯელის საფლავის სამხრეთით დაკრძალეს.
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა მას და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა.
30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. იუსტინემ გახსნა სასწავლებელი, სადაც ქრისტიანულ ფილოსოფიას ასწავლიდა. წმიდანი მხურვალედ იცავდა ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებას.
საეკლესიო კალენდარი: 12 ივნისი
დაახლოებით 155 წელს, როცა იმპერატორმა ანტონინე პიუსმა (138-161) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა იუსტინემ პირადად გადასცა მას „აპოლოგია“ სამი სიკვდილმისჯილი ქრისტიანის დასაცავად, სადაც დამაჯერებლად დაამტკიცა ქრისტიანობის მიმართ წაყენებული ბრალდებების სიყალბე. „აპოლოგიამ“ იმპერატორზე ისეთი დიდი გავლენა მოახდინა, რომ დევნა შეწყვიტა. აზიაში, სადაც განსაკუთრებით ავიწროებდნენ ქრისტიანებს, თავად იუსტინე გაგზავნა, რომელმაც სიხარულით ამცნო მის მცხოვრებლებს იმპერატორის გადაწყვეტილება.
მეორე „აპოლოგიით“ წმიდა იუსტინემ რომის სენატს მიმართა. ეს მოხდა 161 წელს, ტახტზე მარკუს ავრელიუსის (161-180) ასვლის შემდეგ.
რომში წმიდანის მიმართ მრავალი ცრუ ბრალდება აღძრა ვინმე კრისკენტიმ, რომელიც არაერთხელ დამარცხებულა ფილოსოფოსთან კამათში და მისადმი შური უღრღნიდა სულს. წმიდა იუსტინე დააპატიმრეს და სასტიკი წამებით ამოხადეს სული (+166).
წმიდა მოწამენი: იუსტინე, ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა ეწამნენ წმიდა იუსტინე ფილოსოფოსთან ერთად 166 წელს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით