პრეზიდენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

ცვლილებები ეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დაკავების წესს და თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს.
Sputnik
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებებს, თუმცა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფასადურია და არ აკმაყოფილებს ევროკავშირის პირობებს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის, ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„წარმოდგენილი ცვლილებები ფასადური და ფრაგმენტულია, ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს, ევროკავშირში გაწევრიანებისა და მოლაპარაკებების გახსნისათვის 9 პირობიდან ერთ-ერთს, რომელიც ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ საქმიანობას", - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტმა მიუთითა იმ ფაქტზე, რომ დღეის მდგომარეობით ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.
გარდა ამისა, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების რიგი ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით, მათ შორის, ფიზიკური პირის გამოკითხვა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა, პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა გამოთხოვა.
ყოველივე ეს საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დასაბუთებას, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითად გამოყენება და ბიურო არ იქცეს პარტიების წინააღმდეგ სადამსჯელო იარაღად ხელისუფლების ხელში, ნათქვამია განცხადებაში.
ანტიკორუფციული სიახლეები
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებლობით სარგებლობს. მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება.
გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დაკავებას ან დაპატიმრებას, მას უფლებამოსილება პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.
ასევე, ცვლილებების მიხედვით, თუ თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში არის ხარვეზები, ანტიკორუფციული ბიურო ამის თაობაზე მას ერთი თვის ვადაში აცნობებს და მის აღმოსაფხვრელად ერთთვიან ვადას მისცემს. ამ თვის განმავლობაში დეკლარაციის გასაჯაროება დაუშვებელია.
ამასთან, უზუსტობის გამოსწორება არ ათავისუფლებს თანამდებობის პირს პასუხისმგებლობისგან მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ ამ უზუსტობაზე.
თუ თანამდებობის პირი დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს დეკლარაციაში არსებულ უზუსტობას, იგი დაჯარიმდება 1 ათასი ლარით. იგივე ჯარიმა, მოქმედი წესების თანახმად, გათვალისწინებულია დეკლარაციის დროულად შეუვსებლობისთვის.
აღნიშნული ცვლილებები ძალაში 19 სექტემბრიდან უნდა შევიდეს.