თბილისმა „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსი მოიპოვა

თბილისისთვის ეს პირველი განაცხადია ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად.
Sputnik
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ევროპის დედაქალაქების და ქალაქების სპორტის ფედერაციიამ (ACES Europe) თბილისს „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის (European Cities of Sport) სტატუსი მიანიჭა, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
თბილისის მერიამ აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი ჯერ კიდევ 2023 წელს გააკეთა. ორგანიზაციის წესების თანახმად, 10 ივნისს თბილისს AECS Europe-ის სპეციალური კომისია ეწვია. კომისიის წევრებმა დაათვალიერეს დედაქალაქის სპორტული ინფრასტრუქტურა, გაეცნენ მუნიციპალიტეტის სპორტულ პოლიტიკას, ასევე მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებს.
„დღეს გვქონდა კანდიდატის სტატუსის დაცვა და aces europe-ის პრეზიდენტს და ასოციაციის გუნდს პრეზენტაცია წარვუდგინეთ. მიუხედავად ასოციაციის მიერ დადგენილი პროცედურებისა, თბილისმა დღეს მიიღო საბოლოო პასუხი და გახდა ევროპის 2025 წლის სპორტის ქალაქი", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.
მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება, აგრეთვე ტარდება საერთაშორისო ღონისძიებები, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ისახავს მიზნად.
„მომავალ წელს ორგანიზაციასთან ერთად ვგეგმავთ ძალიან ბევრ ერთობლივ ღონისძიებას და გვაქვს სურვილი, რომ თბილისს ჰქონდეს უფრო აქტიური პარტნიორობა ევროპულ ქალაქებთან", - განაცხადა ბასილაიამ.
თბილისისთვის ეს პირველი განაცხადია ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად. სტატუსის მოსაპოვებლად განმცხადებელი მხარე უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის მიერ მოწოდებულ 12 კრიტერიუმს.
ACES Europe-ი ბრიუსელში დაფუძნებული არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც იუნესკოს ოფიციალური პარტნიორია. ასოციაცია ყოველწლიურად ასახელებს „ევროპის სპორტის ქალაქს“.