კალაძე: თბილისის მერია 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირიდან პავლე ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებულ მონაკვეთზე სარეაბილუტაციო სამუშაოები 15 ივნისს დაიწყება და ივლისში დასრულდება.
„პროექტის ფარგლებში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. მიწისქვეშ მოეწყობა კაბელ-არხები, სადაც საჰაერო ელექტროსადენები განთავსდება, მოწესრიგდება ტროტუარები და გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი დაიგება. გარდა ამისა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი LED სანათებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში 9 აპრილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალება ავტომობილების პარკირება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.