რატომ გაუფასურდა ლარი?

გარდაუვალია, რომ უახლოეს მომავალში ბაზარი კვლავ სტაბილური გახდება, განაცხადა ნათია თურნავამ
Sputnik
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. არაფრიდან წარმოქმნილი აჟიოტაჟი გავლენას ახდენს საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე, თუმცა, უახლოეს მომავალში ლარის კურსი დასტაბილურდება, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ოპოზიცია ბოლო პერიოდში აქტიურად აკეთებს განცხადებებს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელ კრიზისზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე. ნეგატიური პროგნოზების მიზეზი გახდა სკანდალური კანონის მიღების შემდეგ ლარის გაუფასურება თითქმის 7%-ით. პარლამენტმა კანონპროეტი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. მაშინ ლარის კურსი 2,6804 GEL/$1 იყო. უკვე 13 ივნისს კი კურსმა 2,8664 GEL/$1 შეადგინა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ბაზრის მონაწილეები, ბიზნესი, საფინანსო სექტორი სწრაფად ხვდება და ერთმანეთისგან არჩევს ცრუ და სერიოზულ ინფორმაციას, ხედავენ, რომ ეს არის არაფრიდან წარმოქმნილი აჟიოტაჟი, რომელიც აუარესებს მოლოდინებს, მაგრამ ეს რისკები არ მატერიალიზდება. შესაბამისად, გარდაუვალია, რომ ახლო პერიოდში ბაზარი კვლავაც სტაბილური გახდეს“, - აღნიშნა თურნავამ.
მისი თქმით, ფუნდამენტური ფაქტორები ლარის გაუფასურებას არ განაპირობებს.
„პირიქით, ბოლო 12 თვეზე მეტია საკმაოდ მყარია ლარი, სტაბილურია ფინანსური ბაზარი და ამას ჩვენი ბიზნესი, მოსახლეობა შეეჩვია და ცხადია, გარკვეულ წუხილს იწვევს მერყეობები, რაც ბოლო დროს ხდება“, -აღნიშნა მან.
როგორც თურნავამ განმარტა, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურია, როგორც სახსრების შემოდინების, ისე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზებით.
„არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის გრძელვადიანი ტენდენცია“, - განაცხადა თურნავამ.
ვალუტის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა 16 მაისიდან სამ სავალუტო აუქციონზე რეზერვებიდან 168,7 მილიონი აშშ დოლარი უკვე გაყიდა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.