მაშველებმა 13 ივნისის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ცხრა წლის წინ ადიდებულმა მდინარე ვერემ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ ორი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
Sputnik
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე 13 ივნისის მემორიალი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მეხანძრე-მაშველებმა მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირულად გარდაცვლილი თანამებრძოლი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ ორი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სტიქიამ 200-მდე ოჯახი დააზარალა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩაში აღმოჩნდა. მტაცებლების ნაწილის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება შეძლეს, ნაწილის კი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.
ზარალმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა.