კალაძე: პრეზიდენტი ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოებას არ ჩქარობს

მმართველი პარტიის გენმდივნის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ წარდგინებით ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში მიმართეს.
Sputnik
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჯერაც არ მოუხდენია რეაგირება პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივაზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე, რაც თავისთავად სამწუხაროა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
26 მარტს ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი პენალტების სერიაში გატანილი გოლებით - 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნაკრების შემადგენლობა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ღირსების ორდენზე წარადგინეს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში წარდგინებით მიმართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა ისტორიული სპორტული მიღწევისთვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია ამ ინიციატივას“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მიუხედავად ამისა, აღნიშნული საკითხი მალე მოგვარდება და ფეხბურთელები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდებიან.
მისი თქმით, ეს ფაქტი ხელს ვერ შეუშლის საქართველოს ნაკრების წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე და ფეხბურთელების კარგ თამაშს.
„მინდა მათ გულწრფელად ვუსურვო გამარჯვება და კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ბიჭებო, მთელი საქართველო თქვენს გვერდით დგას და იმედი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატი წარმატებული იქნება ჩვენი გუნდისთვის და ქვეყნისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება. გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი გელზენკირხენში პორტუგალიას შეხვდება.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.