თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, წინასწარი მონაცემებით, 201,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 64,4%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.
ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად „საქსტატმა" სააქციო კაპიტალის, რეინვესტიციების და სასესხო ვალდებულებების შემცირება დაასახელა.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის იანვარ-მარტში სააქციო კაპიტალმა შეადგინა 75,9 მლნ დოლარი, რაც 77,7%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. გარდა ამისა, ამ პერიოდში რეინვესტიცია 51,5%-ით შემცირდა და 92,5 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება სავალო ვალდებულებებს, რომელშიც ასახულია სავაჭრო კრედიტები და სესხები, იგი 7,8%-ით შემცირდა და 32,9 მლნ დოლარი შეადგინა.
ინვესტიციები საქართველოში 2024 წლის იანვარი-მარტი: ქვეყნების სამეული
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | წილი,% |
თურქეთი | 42,4 | 21,0 |
ჩეხეთი | 41,5 | 20,6 |
აშშ | 33,7 | 16,7 |
ინვესტიციები ასევე შემოვიდა ნიდერლანდებიდან, მარშალის კუნძულებიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან, მალტადან, დანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
სად აბანდებენ?
„საქსტატის" ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, გადამამუშავებელი მრეწველობა და უძრავი ქონება.
ინვესტიციები საქართველოში 2024 წლის იანვარი-მარტში: დარგების ტოპ-სამეული
დარგი | მოცულობა, მლნ დოლარი | წილი,% |
ენერგეტიკა | 78,7 | 39,1 |
ვაჭრობა | 39,5 | 19,6 |
ტრანსპორტი | 38,8 | 19,3 |
ინვესტიციები ასევე განხორციელდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ხელოვნების, დასვენებისა და გართობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის სფეროებში.
საინვესტიციო პოლიტიკა
მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამით, ხელისუფლება პირობას დებდა, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა მთლიანად შეიცვლება - პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო გადავა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე და ქვეყნის პოზიციონირება ახლებურად მოხდება.
ამავდროულად, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
ასევე, ამ პერიოდში მიიღება ახალი კანონი მეწარმეთა შესახებ, რომელიც ასახავს ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტების და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანართების მოთხოვნებს, რითაც საქართველოს კორპორატიული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდება.
კონკურენტული და ბიზნეს გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო თანდათან ჩაეხსნება ეკონომიკის იმ დარგებს, რომლებსაც დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი გააჩნიათ.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 57,2%-ით შემცირდა და 572 მილიონი დოლარი შეადგინა.
2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება 2022 წელს, ინვესტიციების მოცულობამ, დაზუსტებული მონაცემებით, 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 67,5%-ით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემებს.
2023 წელს, წინასწარი შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 24%-ით შემცირდა და 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.