თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა 2026 წლის 1 იანვრამდე შეჩერდება.
გასულ წელს „ტურიზმის შესახებ“ განახლებული კანონის თანახმად, სიახლე ძალაში 1-ელ ივნისს ამოქმედდა.
„გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომელიც ახალი რეგულაციების დანერგვის და ამოქმედებისთვის მრავალსაფეხურიან მოსამზადებელ პროცესს საჭიროებს, დღის წესრიგში დამატებითი ვადის შემოტანა გახდა საჭირო“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ.
პარლამენტმა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი 76 ხმით დაუჭირა.
როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების შემუშავების პროცესში მთელი რიგი საკითხები გამოიკვეთა, რამაც კანონის შესაბამისი მოთხოვნის 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეჩერება გახადა აუცილებელი.
„იკვეთება, რომ კერძო სექტორი ადაპტირებისთვის დამატებით ვადებს საჭიროებს და ამ ეტაპისთვის, მოსალოდნელ ცვლილებებს ვერ ხვდება მზად“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ანალიტიკოსები 2024 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდულ რაოდენობას ელოდებიან. ამ პროგნოზის საფუძველი პირველი კვარტლის მაჩვენებლები გახდა. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა საქართველოში იანვარ-მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიონი შეადგინა.
აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2019 წელს დაფიქსირდა - საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ მიაღწია 9,4 მილიონს, საიდანაც 4,8 მილიონი იყო ტურისტული ვიზიტი.