თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
2023 წელს სახელმწიფომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო. ყველა 18 წლამდე პაციენტის მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
სიმსივნით დაავადებულთა მშობლებს შეუძლიათ შეარჩიონ საუკეთესო კლინიკები თურქეთში, ესპანეთში და ისრაელში ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით. საქართველოში პირველადი დიაგნოსტიკის შემდეგ მათ სრული პაკეტის მიღების შესაძლებლობა აქვთ.
გაბუნიას განმარტებით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება ადგილზე, საქართველოშიც შეეძლოთ.
„აღნიშნული პროგრამით 90-მდე ბავშვმა ისარგებლა. ბავშვის მდგომარეობის შესწავლა სპეციალური ექსპერტების საბჭოს მიერ ხდება, რომელიც დაკომპლექტებულია უცხოეთში მოღვაწე ქართველი სპეციალისტებითაც. ჩვენ მათგან ვიღებთ რჩევებს, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში აჯობებს ბავშვის გაგზავნა პროგრამაში მონაწილე 6 კლინიკიდან. 4 კლინიკა თურქეთშია, ასევე კლინიკებია ესპანეთში და ისრაელში", - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, 18 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი ერთ სივრცეში. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.
„ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა არის ის, რომ საქართველოში ონკოლოგიური კუთხით იგივე შესაძლებლობა შეიქნას. კლინიკებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის მეთვალყურეობის გაგრძელებაა საჭირო, ეს საქართველოს პირობებში გრძელდება. გამოცდილების ურთიერთგაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გაბუნიამ.
პროგრამის პირობები
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი.
პროგრამაში მონაწილეობისთვის:
მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს (თბილისი, წერეთლის გამზირი №144) და შეავსოს განაცხადის ფორმა, რომელსაც ადგილზე გასცემენ;
ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა/პასპორტი);
ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული);
არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ. ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული).
პაციენტები გადანაწილდებიან კლინიკებში მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის საფუძველზე. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15-05.
უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის ერთი კურსი 100 ათასი ევრო ღირს, სწორედ ამის გამო მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება მკურნალობის ყველა ხარჯი თავის თავზე სრულად აიღოს. ადრე სახელმწიფო ამ ბავშვების მკურნალობის მხოლოდ ნაწილს ფარავდა. ამ მიზნით მთავრობა წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ლარს გამოყოფდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ახალი პროექტისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მილიონი ლარი არის გამოყოფილი.
საქართველოს მთავრობა აფინანსებს დიაგნოსტიკას და მკურნალობის სტანდარტულ კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ქირურგიას, ასევე პროტონოთერაპიას პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.