თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ძლიერი გუნდია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლის დიდი შანსი აქვს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი გელზენკირხენში პორტუგალიას შეხვდება.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჯგუფიდან გასვლას შევძლებთ. ამის დიდი შანსები გვაქვს. ჩვენ ძლიერი ეროვნული ნაკრები გვყავს, რაც აჩვენა ბოლო ამხანაგურმა მატჩმა, რომ ნაკრები კარგ ფორმაშია. მთელი საქართველო ჩვენს ბიჭებს უჭერს მხარს“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დიუსელდორფში ეროვნულ ნაკრებს შეხვდნენ და მომავალ მატჩებში წარმატებები უსურვეს.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
მანამდე, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ჯილდოს სახით 30 მლნ ლარს გადასცემს. გარდა ამისა, ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მლნ ლარით დაჯილდოვდება.