თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ქართული მარკა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება, 12 ივნისიდან მიმოქცევაში ჩაეშვა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
26 მარტს, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის გუნდთან გამარჯვება პენალტების სერიაში გატანილი გოლებით მოიპოვა - 4:2, რითაც ისტორია დაიწერა და საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
სწორედ ამ წარმატებას მიეძღვნა საფოსტო მარკა „საქართველო ევროპაზე“. აღსანიშნავია, რომ მარკას მსოფლიო საფოსტო კავშირი მის 191 წევრ ქვეყანას გაუგზავნის, რაც ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას. მარკის ავტორი ბაადურ ქობლიანიძეა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულმა მარკების კომისიამ, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მოკლე ვადებში შეიმუშავა და დაამტკიცა მარკის დიზაინი, რომელიც ეხება ისტორიულ გამარჯვებას - საქართველოს ნაკრების გასვლას ევროპის ჩემპიონატზე. მარკა შედგება ბლოკისგან, რომელიც მოიცავს 3 შინაარსს - იგი აღწერს ძირითადად იმ ემოციებს, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ გამარჯვების მომენტში ასახულ სცენებთან“ - განაცხადა ახალი მარკის პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.
ქართული მარკა 40 ათასიანი ტირაჟით მიმოქცევაში უკვე ჩაეშვა და ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია „საქართველოს ფოსტის" 80 სერვისცენტრში. საფოსტო გზავნილების განხორციელება უკვე აღნიშნული მარკით არის შესაძლებელი.
როგორც უწყებაში განმარტეს, საფოსტო მარკა, გარდა მისი ძირითადი დანიშნულებისა, ასევე წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთ მახასიათებელს და გამოვლინებას, ამიტომაც მას ხშირად ქვეყნის სავიზიტო ბარათს უწოდებენ.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები სამ მატჩს გამართავს - გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, დორტმუნდი
საქართველო - თურქეთი
22 ივნისი, ჰამბურგი
საქართველო - ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი
საქართველო - პორტუგალია.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
მანამდე, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ჯილდოს სახით 30 მლნ ლარს გადასცემს. გარდა ამისა, ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მლნ ლარით დაჯილდოვდება.