თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ნიუ-იორკის შტატის ფინგერ ლეიკსის რეგიონში საფერავის ორდღიანი ფესტივალი „საფერიკა“ გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორდღიან ფესტივალზე, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაცია „საფერიკას“ ორგანიზებით ჩატარდა, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული საფერავის ჯიშის ღვინოები, როგორც საქართველოდან, ისე ფინგერ ლეიკსის რეგიონიდან. ფესტივალზე მოწვეული იყვნენ „საფერიკას“ ღვინის ექსპერტები, ღვინის ინდუსტრიის, HoReCa სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
„აღსანიშნავია, რომ ფინგერ ლეიკსის რეგიონში უკვე 60 წელია ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს საფერავისა და რქაწითელის ჯიშების ყურძენი აქვთ გაშენებული და მსოფლიოში ცნობილი ქართული ვაზის ჯიშის ღვინოებს აწარმოებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, გაცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს, მიეღოთ ინფორმაცია როგორც საფერავის და ზოგადად, ქართული ვაზის ჯიშების, ისე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის 8-ათასწლიანი ისტორიისა და კულტურის შესახებ.
ორგანიზაცია „საფერიკა“ აშშ-ში 2022 წელს დაარსდა და მისი მიზანია აშშ-ის მასშტაბით ქართული ყურძნის ჯიშების, მათ შორის, საფერავის და ქართული ღვინის სახეობების პოპულარიზაცია. ფესტივალი „საფერიკაც“ პირველად 2022 წელს ჩატარდა.
სააგენტოს ცნობით, აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება.
ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას კომპანია Colangelo & Partners 2022 წლიდან ახორციელებს. Colangelo & Partners ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.
სააგენტოში ფიქრობენ, რომ ამ აქტივობებმა უზრუნველყო ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდა აშშ-ის ბაზარზე. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 486 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება. აშშ ამ ეტაპზე ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეექვსე ადგილს იკავებს.