თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კურორტ წყალტუბოში მიტოვებული სანატორიუმები „იმერეთი“ და „რკინიგზელი“ ელექტრონულ აუქციონზე გაიტანეს, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
კურორტ წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, სააგენტომ ბიზნეს-სექტორს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს. სააგენტოს ცნობით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კურორტ წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
სანატორიუმ „იმერეთთან" დაკავშირებით აუქციონის საწყისი ფასი 3,1 მლნ ლარია. აუქციონზე გამოტანილია ჩახრუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ არსებული 41.150 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სამი შენობა-ნაგებობა. საპრივატიზებო პირობების თანახმად, ახალმა მფლობელმა უნდა განახორციელოს 9 მლნ ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია და ხუთი წლის განმავლობაში 80-ნომრიანი სასტუმროს ინფრასტრუქტურა განავითაროს.
რაც შეეხება „რკინიგზელს", მისი საწყისი ფასი 5,1 მლნ ლარია - აუქციონზე გამოტანილია რუსთაველის ქუჩა N51- ში არსებული 33 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ორი შენობა-ნაგებობა. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოეწყოს, რისთვისაც არანაკლებ 9,273. 600 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ორივე აუქციონი 2024 წლის 21 ივნისს, 17:00 საათზე დასრულდება.
დღეისათვის ყოფილი სანატორიუმები „თბილისი", „მედეა" და „წყალტუბო" უკვე პრივატიზებულია. გაყიდული ობიექტების საერთო ღირებულებამ 11,6 მლნ ლარი შეადგინა. სხვა სანატორიუმების პრივატიზაციის პროცესი აქტიურად გრძელდება.
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული წყალტუბოს უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენისა და განვითარების გენერალური გეგმა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს კერძო კომპანიების ინვესტიციების მოზიდვას მინიმუმ 500 მილიონი ლარის ოდენობით.
პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური თანამედროვე სპა კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის განვითარებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საზოგადოებრივი სივრცის განახლებას.
კურორტი წყალტუბო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ცნობილია თავისი თერმულ-რადონული მინერალური წყლებით. რადონოთერაპია გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის დაავადებების, გინეკოლოგიური დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების სამკურნალოდ.