თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის მიუხედავად, SPIEF 2024-ს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაესწრო. მათ შორის იყვნენ სახელმწიფოთა ლიდერები და უცხოელი მაღალჩინოსნები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების ხელმძღვანელები, საგარეო საქმეთა მინისტრები, უცხოეთის რეგიონებისა და ქალაქების ხელმძღვანელები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები.
ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაცია იყო ჩინეთიდან (192 მონაწილე), არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან (105), ზიმბაბვედან (86), ყაზახეთიდან (84), ინდოეთიდან (80) და ომანიდან (75).
წელს SPIEF-ის სტუმარი ქვეყნის საპატიო სტატუსი ომანის სასულთნოს ეკუთვნოდა. ქვეყანამ ფორუმში მონაწილეობა სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის პერსპექტიულ სფეროებში − მრეწველობაში, ენერგეტიკაში, ტურიზმში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, ლოჯისტიკა და სურსათის უსაფრთხოებაში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების გამოკვლევის ლოზუნგით მიიღო.
ომანის შთამბეჭდავი დელეგაციის წევრებმა - ბიზნესმენებმა, დიპლომატებმა, ოფიციალურმა პირებმა - დაადასტურეს თავიანთი სურვილი, „ითანამშრომლონ რუსულ საწარმოებთან და მეტი ტურისტი იხილონ თავიანთ ქვეყანაში".
საქმიანი პროგრამის ფარგლებში ფორუმის ინდუსტრიულ და თემატურ პლატფორმებზე 380-ზე მეტი ღონისძიება გაიმართა. სპიკერებად, ექსპერტებად და სესიების მოდერატორებად ათასზე მეტი ადამიანი წარდგა.
ღონისძიებაზე განიხილეს ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, ციფრული ტრანსფორმაციის პროცესები, ტურიზმის, ტექნოლოგიების განვითარება, საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების დამოუკიდებელი სისტემის მშენებლობა, პერსპექტიული სატრანსპორტო დერეფნები და მრავალი სხვა.
ფორუმის პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საერთაშორისო თანამშრომლობამ.
SPIEF-2024 საიტზე მოეწყო ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა რუსეთ-აფრიკული კონფერენცია „წყალი ოქროზე ძვირფასია", EAEU-ASEAN სესია, საქმიანი დიალოგი აზერბაიჯანის, ბრაზილიის, ვენესუელის, ინდოეთის, ყაზახეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, ომანის, სამხრეთ აფრიკისა და ლათინური ამერიკის წარმომადგენლებთან.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო BRICS-ის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ასოციაციის დაგეგმილ გაფართოებასთან დაკავშირებით. ცალკე დისკუსიები დაეთმო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ბიზნესპარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს, მათ შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და მწვანე ეკონომიკის სფეროში.
ფორუმის მთავარი მოვლენა იყო პლენარული სხდომა, რომელზეც ისაუბრეს: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ბოლივიის პრეზიდენტმა ლუის ალბერტო არჩე კატაკორამ და ზიმბაბვეს პრეზიდენტმა ემერსონ დამბუძო მნანგაგვამ.
ვლადიმირ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლებსაც მთავრობა აქტიურად დაუჭერს მხარს, აღნიშნა რუსეთის ეკონომიკის მიღწევები და ასევე ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული პრობლემები, ისაუბრა გეოპოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრზე, შეეხო BRICS-ის ფარგლებში თანამშრომლობის თემას.
ფორუმის შედეგად გაფორმდა 1073 ხელშეკრულება − საერთო ოდენობით 6,492 ტრილიონი რუბლი, ანუ თითქმის $73 მილიარდი (გარდა ხელშეკრულებებისა, რომელთა ოდენობა კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს).
ყველაზე მეტი ხელშეკრულება დაიდო ისეთ სექტორებზე, როგორიცაა რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება (251), მრეწველობა და მშენებლობა (241), ასევე მაღალი ტექნოლოგიები და ტელეკომუნიკაციები (106).
როსკონგრესის ფონდი (SPIEF 2024-ის ორგანიზატორი) აღნიშნავს რუსული და უცხოური მედიის უპრეცედენტო ინტერესს: ფორუმის ღონისძიებებს აშუქებდა 4,2 ათასზე მეტი ჟურნალისტი 34 ქვეყნიდან.