ექს-პრემიერის ოჯახმა „ტვ პირველის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ადვოკატის თქმით, აღნიშნული სიუჟეტი არის ნათელი მაგალითი იმ წინასწარ დაგეგმილი ცილისმწამებლური კამპანიისა, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებს ტელეკომპანია ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ.
Sputnik
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახმა სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოითხოვა „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტი ცილისწამებად იქნას აღიარებული, განაცხადა ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგაშვილმა ჟურნალისტებთან.
2024 წლის 6 აპრილს „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო ღარიბაშვილის ოჯახის კუთვნილ კომპანიასა და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის დედოფლისწყაროს რაიონში არსებული ღვინის ქარხნის გრძელვადიან იჯარის ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულება კომპანია „ღარიბაშვილის მარანსა" და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ ქართულ ფირმას შორის დაიდო. სიუჟეტის თანახმად, აღნიშნული ქარხნის შეძენა და შემდგომში იჯარით გაცემა შესაძლო კორუფციულ სქემებს უკავშირდებოდა.
„დღეს, ჩვენ სარჩელით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ვითხოვთ სასამართლოს მიერ ცილისწამებად იქნეს აღიარებული ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტი, რომელიც შპს „ღარიბაშვილის მარანსა“ და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ ქართულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა", - განაცხადა გიგაშვილმა.
ადვოკატის თქმით, აღნიშნული სიუჟეტი არის ნათელი მაგალითი იმ წინასწარ დაგეგმილი ცილისმწამებლური კამპანიისა, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებს ტელეკომპანია ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ.
„ჩვენ სასამართლოს წარვუდგენთ სიცრუეზე და ცილისწამებაზე დაფუძნებულ ათობით სიუჟეტს, რომლებიც წლების განმავლობაში მზადდებოდა „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია, კანონით დადგენილი წესით, თავად „ტვ პირველმა“ აღიაროს, რომ ეს სიუჟეტი იყო სიცრუე", - განაცხადა ადვოკატმა.
უფლებადამცველის თქმით, იჯარის შესახებ ხელშეკრულება კანონის შესაბამისად იყო დადებული.
ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2024 წლის 29 იანვარს დატოვა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.