თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. ლონდონის „კრისტის" აუქციონზე 11 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი გაიყიდება. აუქციონზე რეგისტრაცია უკვე დასრულებულია.
ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) ქრისტიანულ-პალესტინურ, არამეულ და ქართულ ენებზეა შესრულებული. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე-ზოსიმეს მიერაა გადაწერილი 979 წელს და მისი ფასი 1 მლნ – 1,5 მლნ გირვანქა სტერლინგია.
წარმოდგენილი წიგნი ქრისტიანული პალესტინის არამეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გამოსულა. დასავლური არამეული დიალექტი, რომელსაც მელქის ქრისტიანული საზოგადოება იყენებდა პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 და მე-13 საუკუნეებში, შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა და ხელნაწერში.
ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე. ეს დიალექტი ყველაზე ახლოსაა იმ ენასთან, რომელზეც იესო ლაპარაკობდა და რომელიც შედგენილია წმინდა მიწაზე დაფუძნებული ცოცხალი ტრადიციის ფარგლებში.
იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი
© Архив
ბერი იოანე ზოსიმე მეათე საუკუნეში სინას მთაზე ცნობილი კალიგრაფი, ავტორი, მთარგმნელი და წიგნის შემკვრელი იყო. მისი ხელით დაწერილი, ხელმოწერილი, დათარიღებული და აკინძული წიგნი მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან შემორჩენილი ამ სახის ყველაზე ადრეული ნიმუშია.
მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ხელნაწერები ფრანგი კოლექციონერისა და ბიბლიოფილის მარტინ შოიენის სახელგანთქმული კოლექციიდანაა. შოიენის კოლექცია მოიცავს 1300 კულტურის ისტორიის ძეგლს და მსოფლიო მემკვიდრეობის ისეთ ხელნაწერებს, როგორებიცაა კროსბი-შოიენის კოდექსი, ჰოლხამის ებრაული ბიბლია, Codex Sinaiticus Rescriptus და Geraardsbergen ბიბლია, ასევე ბერძნული ლიტერატურა, ჰუმანისტური შედევრები, ადრეული ინგლისური სამართალი, შოტლანდიური მატიანე და სხვ.