თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. თელავში დასაქმების ფორუმი 14 ივნისს ჩატარდება, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიება, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ტარდება, თელავის ისტორიულ მუზეუმში ოფიციალურად 14:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გასტანს. ფორუმის მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა.
ღონისძიების ფარგლებში 20-ზე მეტი კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელთაც ამ ეტაპზე აქტიური ვაკანსიები აქვს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით თელავის დასაქმების ფორუმზე ყურადღება გამახვილდება შშმ და სსმ პირთა დასაქმებასა და ინტეგრირებაზე.
სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთიან სივრცეში რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს გაეცნონ და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმონ შემდგომი თანამშრომლობა.
დასაქმების ფორუმის პარალელურად, ადგილობრივი სოციალური საწარმოებისა და პროფესიული კოლეჯების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება.
თელავის დასაქმების ფორუმი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით იმართება.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ფორუმებს, მოქალაქეთა დასაქმებისა და ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყოველთვიურად მართავს.
შემდეგ ღონისძიებას ივნისში აჭარა უმასპინძლებს.