მშენებლობის ღირებულება აპრილში გაიზარდა - ახალი სტატისტიკა

თვის ინდექსის გაზრდა ძირითადად მოხდა დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასების 1,7%-ით გაზრდის ხარჯზე.
Sputnik
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2024 წლის აპრილში, მიმდინარე წლის მარტთან შედარებით, 0,6%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
უწყების ცნობით, წლიური ინდექსის გაზრდა ძირითადად მოხდა დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასების 1,7%-ით გაზრდის ხარჯზე.
2024 წლის აპრილში, 2023 წლის აპრილთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 10,8%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 37%-ით და სამშენებლო მასალებსა და მანქანა-დანადგარებზე ფასების 5,5%-ით გაზრდით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისთვის, ასევე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.