თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. კონსულტინგურმა კომპანია Henley & Partners-მა საპასპორტო ინდექსის უახლესი ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც ქართული პასპორტი 51-ე პოზიციაზეა განთავსებული.
საპასპორტო ინდექსი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება ქვეყნების უვიზო მიმართულებების რაოდენობის მიხედვით.
მსოფლიო პასპორტების ინდექსში საქართველო ამჯერად ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა. გასულ წელს იგი 50-ე ადგილზე იყო. ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა 122 ქვეყანაში შეუძლიათ.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი 52-ე ადგილზეა, რომლის მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა 120 ქვეყანაში, თურქეთი - 53-ე ადგილზეა (118 ქვეყანაში), აზერბაიჯანი 72-ე (72 ქვეყანაში), სომხეთი კი 75-ე ადგილზე (69 ქვეყანაში).
მსოფლიოში ყველაზე „ძლიერი" პასპორტის მფლობელად, რომელიც სხვა ქვეყნებში უვიზოდ ან ჩასვლისთანავე მისი მიღების შესაძლებლობას იძლევა, დასახელდა ექვსი ქვეყანა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური და ესპანეთი - აღნიშნული ქვეყნების პასპორტები მსოფლიოს 194 ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას იძლევა.
მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა, ფინეთი, შვედეთი და ნიდერლანდები, რომელთა პასპორტითაც უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 193 ქვეყანაშია შესაძლებელი.
მესამე ადგილზეა ავსტრია, დანია, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია - 192 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა.
რეიტინგში ბოლო ადგილზეა ავღანეთი, რომლის პასპორტი დაშვებულია 28 ქვეყანაში.