თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. 2024 წლის 1 იანვრიდან 1 მაისის პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ არასრულწლოვანთა რაოდენობამ 207 პირი შეადგინა, მათი ძირითადი ნაწილი ქურდობაშია ბრალდებული, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული 14-დან 18 წლამდე ასაკის 12-მა პირმა უკვე მოიხადა პირობითი სასჯელი. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორის ყველაზე ხშირია ქურდობა, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, ყაჩაღობა, ძალადობა - საანგარიშო პერიოდში დაკავებული არასრულწლოვნების 80%-ს ბრალი ქურდობაში ედება.
„საქსტატის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად 18 წლამდე ასაკის 538 პირი აღიარეს, მათგან 235 ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, 76 – სექსუალური დანაშაულის, 65 - მუქარის.
მიმდინარე წლის ოთხ თვეში მოკლულია ერთი არასრულწლოვანი, ორი კი მკვლელობის მცდელობის მსხვერლი გახდა.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.