თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მსოფლიო ფასები სურსათზე მაისში ზედიზედ მესამე თვეა გაიზარდა აგრეგირებული ინდექსის მიხედვით, ძირითადად მარცვლეულისა და რძის პროდუქტების ფასების ზრდის ხარჯზე, ნათქვამია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პრეს-რელიზში.
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი — ეს საშუალო შეწონილი მაჩვენებელია, რომელიც საერთაშორისო ფასების დინამიკას აჩვენებს ხუთ ძირითად სასურსათო ჯგუფზე.
„2024 წლის მაისში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა (FPPI) შეადგინა 120,4 პუნქტი, რაც 1,1 პუნქტით (0,9%) აღემატება აპრილის მაჩვენებელს: მარცვლეულისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსების ზრდამ კომპენსირება მოახდინა შაქრისა და მცენარეული ზეთების ფასების ინდექსების კლებაზე, ამასთან, ხორცის ფასების ინდექსი, პრაქტიკულად, უცვლელი დარჩა", - ნათქვამია განცხადებაში.
FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა 118,7 პუნქტი შეადგინა, რაც 7,1 პუნქტით (6,3%) აღემატება აპრილის მაჩვენებელს. ხორბლის ფასები ყველაზე მეტად მაისში გაიზარდა, ძირითადად 2024 წლის მოსავლის შესახებ საფრთხის გამო. მოსავლიანობის შემცირება მოსალოდნელია წარმოების ძირითად რაიონებში, მათ შორის ევროპის ზოგიერთ ნაწილში, ჩრდილოეთ ამერიკასა და შავი ზღვის რეგიონში, განმარტეს FAO-ში.
რძის პროდუქტებზე ფასების ინდექსი აპრილისთვის გაიზარდა 2,3 პუნქტით (1,8%) – 126 პუნქტამდე, ამასთან ზრდა შეეხო ინდექსში შემავალ ყველა სახის რძის პროდუქტს. ზრდის მთავარი ფაქტორებია ზაფხულის სეზონის წინ გაზრდილი მოთხოვნა საცალო სავაჭრო და საზკვების ობიექტების მხრიდან, ასევე დასავლეთ ევროპაში რძის წარმოების მოსალოდნელი შემცირება რეკორდულ დაბალ დონეზე.
ყველაზე სუსტი დინამიკა აჩვენა ხორცის ფასების ინდექსმა - მაისში აპრილთან შედარებით 0,2 პუნქტით (0,2%) შემცირდა და 116,6 პუნქტი შეადგინა. ფრინველისა და საქონლის ხორცზე მსოფლიო ფასები შემცირდა, ხოლო ღორისა და ცხვრის ხორცის ფასი გაიზარდა, ნათქვამია მოხსენებაში.
მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი აპრილთან შედარებით 3,1 პუნქტით (2,4%) შემცირდა – 127,8 პუნქტამდე. ეს ძირითადად გამოწვეულია პალმის ზეთის ფასების შემცირებით სოიოსა და მზესუმზირის ზეთებზე ფასების ზრდის ფონზე.
ყველაზე თვალსაჩინო კლება შაქრის ფასების ინდექსმა აჩვენა - მაისში იგი აპრილთან შედარებით 9,5 პუნქტით (7,5%) დაეცა და 117,1 პუნქტამდე შეადგინა. კლება ზედიზედ მესამე თვეა ფიქსირდება. აღნიშნული დინამიკა აიხსნება ბრაზილიაში ახალი მოსავლის სეზონის დაწყებით და ამ ქვეყანაში საექსპორტო მიწოდების გაზრდის ფონზე, ასევე ნავთობის მსოფლიო ფასების შემცირებით.