მამუკა არეშიძე: საქართველოში „მაიდანი“ გამორიცხულია

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ორად არის გაყოფილი, უმრავლესობას „მაიდანთან“ დაკავშირებით ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მიაჩნია ექსპერტს
Sputnik
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. უკრაინული „მაიდნის“ ანალოგიური მოვლენების განვითარებას საქართველოში არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან საზოგადოება ამას არ დაუშვებს, განაცხადა პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ Palitranews-ის ეთერში განაცხადა, კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი. მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ შეეცდება დარჩეს ხელისუფლებაში მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ, მაშინ „მაიდანი“ აუცილებლად მოხდება. „გააყალბებთ არჩევნებს? მოხდება მაიდანი თბილისის ცენტრალურ მოედანზე“, – განაცხადა რუხაძემ.
„ამას („მაიდანს“), პრინციპში, არც არანაირი პერსპექტივა არ აქვს. იმიტომ, რომ თაობაა გაზრდილი, ჯერ კიდევ ჯანზე მყოფი თაობა, რომელიც ამ ყველაფერს თავისი თვალით ხედავდა და გამორიცხულია კიდევ ერთი „მაიდანი“ საქართველოში“, - განაცხადა არეშიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
პოლიტოლოგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ორად არის გაყოფილი, უმრავლესობას მსგავს „მაიდნებთან“ დაკავშირებით ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.
„რასაკვირველია, საზოგადოება გახლეჩილია და არის ნაწილი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ არის საზოგადოების სერიოზული ნაწილი, რომელიც ფიქრობს ისე, როგორც მე ვამბობ. თან, საზოგადოების ამ ნაწილს აქვს უზარმაზარი გამოცდილება იმ უზარმაზარი ტკივილის, რომელიც საქართველომ გადაიტანა. მე პირადად და ჩემი თაობის წარმომადგენლები ვთვლით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არავითარი „მაიდანი“ არ იყოს შესაბამისი შედეგებით“, - განაცხადა მან.
მამუკა არეშიძემ ასევე აღნიშნა, რომ ასეთი „მაიდნები“ გარედან იმართება.
„ნებისმიერი ასეთი ტიპის „მაიდანი“ სხვა ძალების მიერაა მართული. არ ვამბობ ამერიკელებზე და არ ვამბობ ვიღაცაზე. გარე ძალები ყოველთვის იყენებენ ხოლმე სიტუაციას, არაერთხელ გამოუყენებიათ და ასეც იქნება. ამიტომ ჩვენ ამას ყველანაირად შევუშლით ხელს. იმას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ობიექტურად და დემოკრატიულად, წყალი არ გაუვა“, – განაცხადა არეშიძემ.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე იგივე ვიზუალური მეთოდები გამოიყენეს, როგორც უკრაინაში „მაიდანზე“. ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში გამართულ აქციაზე ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა „მაიდანიზაციის“ ხელშემწყობად შეაფასა.
ირაკლი კობახიძე: „მაიდანს“ ვერავინ ეღირსება საქართველოში>>
2013 წლის 21 ნოემბერს ევროინტეგრაციის მომხრეებმა კიევის მთავარი მოედანი მას შემდეგ დაიკავეს, რაც მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შეჩერების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით მაიდანი ძალოვანებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების ეპიცენტრი გახდა, რასაც ათობით მსხვერპლი მოჰყვა.
2014 წლის თებერვალში უმაღლესმა რადამ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადააყენა, რომელიც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, მოგვიანებით კი პრეზიდენტად პეტრო პოროშენკო აირჩიეს. უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა მის პოლიტიკურ ოპონენტ იანუკოვიჩს და შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმს „ბერკუტს" დააკისრა.
რაც შეეხება ქართულ პროტესტს, თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში 200-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან ცხრა პოლიციელებზე თავდასხმის, სათვალთვალო კამერების, პოლიციის მანქანისა და პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირის მიზანმიმართული დაზიანების ბრალდებით. დანარჩენებს წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის, გზების გადაკეტვისა და ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ 500-დან 5 ათას ლარამდე ოდენობით.
მაისის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ პარლამენტთან მიტინგებზე პროვოკაციების მომზადების შესახებ ინფორმაცია მიიღო, რომლის მიზანიც დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებაა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონკრეტული საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები საზღვარგარეთიდან შემოსული თანხების გამოყენებით პროვოკაციებს ამზადებენ.