თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ცესკოს ადმინისტრაცია მთელ ძალისხმევას დებს, რომ საპარლამენტო არჩევნები დაიგეგმოს და ჩატარდეს ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, განაცხადა საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის, არ გამორიცხავენ მომავალი არჩევნების გაყალბებას. ოპოზიციის ნაწილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის მიმართ უნდობლობაზე საუბრობს და მას მმართველი პარტიის პროტეჟეს უწოდებს. ამასთან, როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოპოზიციამ იცის, რომ საპარლამენტო არჩევნებს წააგებს და არჩევნების დელეგიტიმაციის მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს.
„ბოლო დროს გამოიკვეთა ტენდენცია, რომ თითქოს არჩევნებით მანიპულირება შესაძლებელია. ადმინისტრაცია მთელ ძალისხმევას დებს იმისთვის, რომ ეს არჩევნები დაიგეგმოს, მომზადდეს და ჩატარდეს ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, ცესკოს საქმიანობის მთავარი კრიტერიუმი არის გამჭვირვალობა, რაც ყველა მხარის ინტერესებში უნდა შედიოდეს.
„ამისთვის უპირველესი და მთავარი არის ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობითა და საჯაროობით წარმართვა. ჩვენთვის საზოგადოების დროული და ოპერატიული ინფორმირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც დემოკრატიის კეთება არის საერთო საქმე, ასევე საერთო საქმეა არჩევნების ადმინისტრირება, ჩატარება. ეს უნდა იყოს ყველა მხარის საერთო ინტერესი, რადგან ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აქვს პირდაპირი თუ ირიბი პასუხისმგებლობა ამ პროცესთან მიმართებაში“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, ცესკოს დადანაშაულება მანიპულაციებში საზოგადოებაში საარჩევნო პროცესის უნდობლობას გამოიწვევს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.