თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებისთვის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის და ცალკეული კერძო პირებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესება საქართველოსაც დააზარალებს და დასავლეთს ჩამოაშორებს, მიაჩნიათ საქართველოს წამყვანი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას.
სავიზო შეზღუდვები შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე საქართველოში, მათ თანამზრახველებსა და ახლო ნათესავებს, სულ ორ-სამ ათეულ ადამიანს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა. მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები წერტილოვანი და პერსონალურია, საბოლოო ჯამში, თავისი გადაცემის ეფექტი აქვს, რითაც ჩვენ ყველა ვზიანდებით“, - განაცხადა გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა.
პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ასევე ფიქრობს, რომ სანქციებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას საქართველოში ვექტორის შეცვლა შეუძლია.
„ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო დაშორდება დემოკრატიას ოცნების ხელისუფლება და მეტად დაუახლოვდება რუსეთს, სულ უფრო დააზიანებს ქვეყანას და ჩვენს საერთაშორისო ინტერესებს, ეს დაუშვებელია, ეს მომავლის ღალატია!“- განაცხადა ხაზარაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ სანქციები ქართველ ხალხსაც დააზარალებს.
„პარლამენტარებს, პოლიციელებს, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გამოაცხადეს, რომ ეს დასაწყისია. ასეთ ქვეყანაში რომელი ინვესტორი შემოვა ან გაჩერდება?“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, ამის გამო გარდაუვალია ეკონომიკის კოლაფსი და ეს მოქალაქეების ჯიბეებზე აისახება.
პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა მელია მომავალში კიდევ უფრო მკაცრ ზომებს არ გამორიცხავს.
„ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც მოსალოდნელი იყო და ეს არ არის უკანასკნელი ნაბიჯი, რომელიც გადმოიდგა დასავლური ცივილიზაციის მხრიდან. როგორც ჩანს, ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ კიდევ უფრო მკაცრ ზომებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ დეპუტატი იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ ეს ხელისუფლებისთვის კარგი გაკვეთილი იქნება.
„ჩვენ სანქციებს ვუყურებთ ისე, რომ გვეცოდებიან კოლეგები, არ გვემეტებიან ამისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეცვალონ საკუთარი ქცევა, ვიდრე გვიანი არ არის. ზოგადად, სწორ გზაზე შემობრუნება არასდროს არის გვიანი“, - განაცხადა ხვიჩიამ.
აშშ-ის და დანარჩენი დასავლეთის გაფრთხილებების და ოპოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ის უკვე ძალაში შევიდა.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.