თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ რუსეთისკენ მიმავალი გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა, რადგან დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე სასიგნალო შეტყობინება შევიდა. ამის შემდეგ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ევაკუაცია განხორციელდა, რუსეთისკენ მიმავალი გზა კი ჩაიკეტა.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. სააგენტოს მიერ გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა, ასევე, ამ დრომდე სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ვერტმფრენით დაათვალიერეს დევდორაკ-ამალის ხეობა და მოსალოდნელი საფრთხეები შეაფასეს.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის დავით ნოზაძის განცხადებით, უკვე აღდგენილია როგორც სატრანსპორტო მოძრაობა, ასევე საბაჟოს ფუნქციონირება.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზაა. ზამთარში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა ხშირად იკეტება, რაც ლოჯისტიკურ პრობლემებს ქმნის.
დღეისათვის ეს ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
პრობლემებს ასევე მეწყერები, ღვარცოფები და წყალდიდობები ქმნის. ეს ყველაზე თვალსაჩინო გახდა 2014 წლის მაისში, როდესაც ჰაერის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო ყაზბეგის მთის ჩრდილო-დასავლეთ კალთიდან დევდორაკის მყინვარის ნაწილი ჩამოწვა. შედეგად, დარიალის ხეობაში ძლიერი ღვარცოფი ჩავიდა და მდინარე თერგის კალაპოტი გადახერგა, რამაც წყალდიდობა და გზის ჩამოშლა გამოიწვია. მაშინ სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ტრაგედიის შემდეგ გზატკეცილზე მანქანებისთვის სპეციალური გვირაბი აშენდა.