სახელმწიფო დეპარტამენტი: ამერიკამ საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირა

შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, განაცხადა მეთიუ მილერმა.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
„შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებული რჩება “ქართული ოცნების” პარტიის ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, ისევე როგორც მისი ბოლო დროის განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევის რისკს აჩენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მისი ხალხის ნებას“, - განაცხადა მილერმა პრეს-კონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ცოტა ხნის წინ აშშ-ისა და საქართველოს შორის ყველა სახის ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვის შესახებ განაცხადა. ამ გადახედვის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სავიზო აკრძალვების პოლიტიკა შემოიღო.
„დღეს ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა სავიზო აკრძალვები დავუწესოთ ათობით საქართველოს მოქალაქეს“, - განაცხადა მილერმა.
მისი თქმით, ეს სია მოიცავს პირებს (ასევე მათი ოჯახის წევრებს), რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილენი არიან საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის დავალებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება.
„სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ტრანში მოიცავს „ქართული ოცნების” პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს”, - აცხადებს მილერი.
მისი თქმით, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს, მაგრამ მათ ვინაობის ამ ეტაპზე არ გაასაჯაროებს.
„ისინი ამის შესახებ გაიგებენ, როდესაც შეეცდებიან შეერთებულ შტატებში ჩამოსვლას", - განაცხადა მილერმა.
მილერის თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ საქართველოს ლიდერები თავიანთ ქმედებებს გადახედავენ. თუ ეს არ მოხდება, აშშ მზადაა დამატებითი ქმედებები განახორციელოს.
დასავლეთის გაფრთხილებების და ოპოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ის უკვე ძალაში შევიდა.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.