თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას ლოგიკას მოკლებულ რაღაცეებზე ესაუბრებიან - თურმე, საფრანგეთს შეუძლია მიიღოს კანონი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ, ხოლო საქართველომ არ უნდა მიიღოს კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ.
საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს გავლენის ეროვნული რეესტრის შექმნას და ფინანსური აქტივების გაყინვის პროცედურას. კანონი ძალაში 2025 წლის 1 ივლისიდან შევა. ამავდროულად, დასავლეთი საქართველოს მთავრობას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო ადანაშაულებს იმაში, რომ ქვეყანა ევროპულ ღირებულებებს დააშორა.
„ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაც კარგია საფრანგეთში, ცუდია საქართველოში. რაც კარგია ამერიკაში, ცუდია საქართველოში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ლოგიკური“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ყველა გაურბის საჯარო განხილვას.
მანამდე პრემიერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საჯარო განხილვა შესთავაზა როგორც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს, ასევე ახალგაზრდებს, რომლებიც აპრილიდან საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ.
„არგუმენტები ჩვენ მხარეს არის უამრავი. მათ შორის, ერთ-ერთი არგუმენტი არის საერთაშორისო პრაქტიკა. არგუმენტია თვითონ კანონის დახვეწილი შინაარსი. რეალურად ამის გამო, უბრალოდ ვერვინ შემოდის საჯარო დებატებში ამ კანონთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
ყველამ უნდა გააკეთოს საკუთარი დასკვნები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გრძელდება უსაგნო, მაგრამ მაინც უხეში კრიტიკა ამ კანონის წინააღმდეგ, აღნიშნა პრემიერმა.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.